"ევროპული ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ შეცვლის, ნატო–ს ხარჯების 80%–ს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები ფარავენ"
01/12/2020 08:24:17 მსოფლიო
"ევროკავშირი ვერასოდეს შეძლებს, დაიცვას ევროპა. ევროპული ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ შეცვლის", - ასე უპასუხა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველჰყოს.
"მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას, გააძლიეროს თავდაცვა. თუმცა ევროკავშირი ვერასოდეს შეძლებს, დაიცვას ევროპა. ნატო–ს თავდაცვის ხარჯების 80%–ს ფარავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. აქ არა მარტო აშშ–ის ვგულისხმობ, არამედ კანადასაც, გაერთიანებულ სამეფოსაც და სხვა სახელმწიფოებსაც. ნებისმიერი მცდელობა, დაასუსტო ტრანსატლანტიკური კავშირი არა მარტო ამერიკასა და ევროპას გაყოფს, არამედ გაყოფს თავად ევროპასაც. ევროპული ერთიანობა ვერ შეცვლის ტრანსატლანტიკური ერთიანობას", – განაცხადა სტოლტენგბერგმა CNN-თან საუბრისას.
ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ "ევროპა აშშ–ზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს და საკუთარი უსაფრთხოება თავად უნდა დაიცვას". რაც შეეხება გერმანია, იგი საპირისპირო მოსაზრებას იზიარებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, "ევროპა აშშ–ისა და ნატო–ს გარეშე საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველჰყოფს".


