გამყრელიძის პროგნოზით, საქართველოსთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი
30/11/2020 09:49:16 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტში ან აპრილში შემოვა.
მისი თქმით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმას 4,5$ მილიონი უკვე გადაუხადა.
"როგორც ვიცი, „კოვაქს“ პლატფორმა მილიარდზე მეტ დოზას შეისყიდის, მასში 170 ქვეყანაა გაერთიანებული და 2021 წლისთვის ყიდულობენ არაერთი ვაქცინის დოზას. მათ შორის, ოქსფორდის, ფაიზერის, ასტრაზენეკას რამდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი.
ჩვენ კარგი გადახდის პირობები გვაქვს „კოვაქსთან“, წინასწარი შენატანით 4,5 მილიონი შევიტანეთ, და ეს იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის შერჩევა. დიდი ალბათობით, ეს იქნება მარტი-აპრილისთვის, მაგრამ, "კოვაქს" პლატფორმის გარდა, ჩვენ სულ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. გვქონდა ტელეკონფერენცია ასტრაზენეკასთან და ოქსფორდთან პირდაპირი შესყიდვის შესახებ. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ როგორც კი დაიწყება ვაქცინაცია, ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს ეს". - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.


