Reuters: "ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს"
27/11/2020 12:53:24 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს.
ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია.
ცნობისთვის: 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 61 450 322 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 440 605 ადამიანი იმსხვერპლა. 42 527 474 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.


