Accentnews.ge
როდისთვის გეგმავენ ევროპის ქვეყნები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და რას მიიჩნევენ მთავარ გამოწვევად

როდისთვის გეგმავენ ევროპის ქვეყნები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და რას მიიჩნევენ მთავარ გამოწვევად

27/11/2020 12:27:16 საზოგადოება

ევროპაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ქვეყნების უმეტესობას ვაქცინაციის ცენტრები მზადყოფნაში მოჰყავს.

სპეციალისტები მთავარ გამოწვევად ვაქცინიციისთვის სწორად შერჩეულ დროსა და ადამიანთა კატეგორიას ასახელებენ. მათი თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ვაქცინაციას უკავშირდება, საჭირო რაოდენობის პროფესიონალი მედპერსონალის მობილიზებაა.

ერთ ადამიანს ვაქცინის ორ დოზას უკეთებენ. პირველი აცრიდან მეორე აცრამდე რამდენიმე დღე უნდა იყოს გასული. აცრის შემდეგ თითოეულ ადამიანს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში სამედიცინო პუნქტის დატოვების უფლება არ ექნება. მედიკოსები ამ პერიოდში ვაქცინირებულ პირს დააკვირდებიან, რომ რაიმე გვერდითი ეფექტი არ გამოვლინდეს.

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას სხვადასხვა პერიოდში აპირებენ.

მაგალითად, ესპანეთი მოსახლეობის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2021 წლის პირველ 6 თვეში გეგმავს. ქვეყანა აცრების ჩატარებისთვის ვაქცინაციის ცენტრებს არ ამზადებს, ის აღნიშნულის განხორციელებას სპეციალურ სატვირთო მანქანებში აპირებს.

იტალიის მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეტალურ გეგმას 2 დეკემბერს გააცნობენ. თუმცა როგორც ხელისულებაში აცხადებენ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აცრა 2021 წლის სექტემბრამდე იგეგმება.

უნგრეთი და ბულგარეთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ზოდების მიღებას გაზაფხულამდე არ ელიან.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება. მისივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს უკვე მისცეს დავალება, 1 დეკემბრიდან ვაქცინაციის ცენტრები მზად ჰქონდეთ.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დეკემბერშივე დაიწყება.

დეკემბერშივე გეგმავს მოსახლეობის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას გერმანია.

"დეკემბრის შუა რიცხვებში ბერლინში ექვსი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. თითოეულ მათგანს დღეში 4000 პირის გატარების საშუალება ექნება", – განაცხადა გერმანიაში ვაქცინაციის პროექტის კოორდინატორმა ალბრეხტ ბრომემ Reuters–სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ცენტრები კვირაში 7 დღის განმავლობაში 24–საათიან რეჟიმში, დღესასწაყულების პერიოდში კი 09:00სთ–დან 19:00სთ–მდე იმუშავებენ.

"ჩვენი მიზანია მოსახლეობის ვაქცინაციის პირველი ფაზა 3 თვეში დავასრულოთ. ვგეგმავთ, პირველ რიგში, მედპერსონალისა და 75წელს გადაცილებული მოქალაქეები ვაქცინაცია განვახორციელოთ", – დასძინა ბრომემ.

მისივე თქმით, გერმანია Pfizer/BioNTech​–ისა (80%) და AstraZeneca–ს (20%) ვაქცინების გამოყენებას გეგმავს.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, "როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება".

"ჩვენ ვართ "კოვაქს" პლატფორმაზე. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება. კონტრაქტი არსებობს. პირველი შენატანი გაკეთებულია და ჩვენ მივიღებთ 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზას. ეს იქნება თებარვალში,თუ მარტში ჯერ დაბეჯითებით ამის თქმა მე არ შემიძლია. რასაც სახელმწიფო შემოიტანს ეს იქნება უფასო მოსახლეობისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინით პირველ რიგში რისკ–ჯგუფები აიცრებიან:

"ყველაზე მეტად რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები, შემდეგ უკვე ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ".

რომელი ვაქცინების დამტკიცებას ელოდება მსოფლიო

  • 18 ნოემბერს ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.
  • 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
  • 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.
  • ნოემბერში რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 61 450 322 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 440 605 ადამიანი იმსხვერპლა. 42 527 474 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 102 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 161 გარდაიცვალა.

/სტატია მომზადებულია Reuters-ისა და The Guardian–ის მიხედვით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S