სანამ ტრანსპორტი მოვა: გახდი უფრო მნიშვნელოვანის ნაწილი
27/11/2020 11:53:48 საზოგადოება
მართალია, ხელისუფლება გვარწმუნებს, კოვიდ–პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, მათ შორის განათლების ხელმისაწვდომობის წინაშე არსებულ გამოწვევებს თავს ვართმევო, თუმცა ადამიანებს სამთავრობო შენობებს მიღმა განსხვავებული რეალობით ცხოვრება უწევთ, განსაკუთრებით – რეგიონებში: დისტანციური სწავლების – ინტერნეტთან წვდომის ტვირთმა მოსწავლეების ნაწილი განათლების მიღმა დატოვა და ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლება – თანატოლების მსგავსად მიიღონ თუნდაც იმ ხარისხის განათლება, რასაც მათ ქართული სისტემა სთავაზობთ. და ვიდრე სახელმწიფო არ/ვერ გვთავაზობს ადექვატურ გამოსავალს, სამმოქალაქო აქტივიზმის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთ–ერთი მსგავსი მაგალითი კი ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავაა. პედაგოგის სამოქალაქო აქტიურობა შესაძლოა, მამოტივირებელიც აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც ჯერ არც კი უფიქრია, საკუთარ ნაჭუჭს მიღმა გახედოს სამყაროს – გახდეს უფრო მნიშვნელოვანის ნაწილი, სცადოს ან შეცვალოს ვინმეს ცხოვრება. იქნებ მათთვისაც, ამ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა რომ აკისრიათ.
„სკოლებში კეთდება აღიცხვები, რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს, რაღაც სიები დგება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ, ნურაფერს დაელოდებით – ტრასპორტი რომ არ მოდის, ფეხით უნდა მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე“,– ურჩევს ადამიანებს აფხაზავა.
და ვიდრე „ტრანსპორტი“ მოვიდოდა, აფხაზავა მოსწავლეებთან ერთად თავად გაუდგა გზას: მათ დაიწყეს ფინანსური სახსრების მოძიეება ბავშვებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ:
„რატომღაც, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს მოსწავლეები და კოლეგები თადარიგის დაჭერას შევეცადეთ: ქოთნებში იები ჩავრგეთ. განათლებას „აი ია“–თი ვიწყებთ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მცენარის გამრავლება. მიხარია, რომ ნარგავების უმეტესობა გაყიდულია – ეს ნარგავი რეალურად სულაც არ არის 19 ლარის ღირებულების, მაგრამ ადამიანებმა იციან, რომ ამ თანხით ბავშვებს ინტერნეტის საფასურს ვუფინანსებთ და ყიდულობენ. სამწუხაროდ, მეორე ტალღის დროს იგივე პრობლემები [ინტერნეტთან წვდომა – რედ. ]უფრო რთულად წამოიჭრა“.
აფხაზავა ამბობს, რომ ინფორმაციას სოციალურად შეჭირვებული ბავშვების შესახებ თავად მოსწავლეებისგან იღებს:
„სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები მეუბნებიან ამ პრობლემის შესახებ. შევძელით და ამ დროისთვის 516 მოსწავლე დავეხმარეთ 1–თვიანი ულიმიტო ინტერნეტით. ამასთან, 10 მრავალშვილიან ოჯახს უფასო ინტერნეტი 1 წლით შევუყვანეთ, რამდენიმე მოსწავლეს კი ტელეფონიც ვუყიდეთ, მათ შორის არის ერთ ბავშვი – ავადაა და მისი საწოლიდან წამოდგომა მაისამდე არ შეიძლება. მას ტელეფონი ვუყიდეთ, რათა თანაკლასელებთან ჰქონდეს ურთიერთობა, დაესწროს გაკვეთილებს.
ქართველებს გულთან ახლოს მიაქვთ პრობლემები და ერთვებიან მსგავს აქციებში. ჩაერთვნენ სკოლების ადმინისტრაციებიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
აფხაზავა ამბობს, რომ დისტანციური სწავლება გამოწვევა აღმოჩნდა პედაგოგებისთვისაც:
„პედაგოგები დილით ადრე მოდიან სკოლაში, სადაც გათბობა არ არის, ნაწილდებიან ოთახებში და ატარებე გაკვეთილებს. მოგეხსენებათ, ბევრ პედაგოგს ეკონომიკურად უჭირს, საბანკო ვალდებულებები აქვთ...“.
თუმცა აღნოჩნდა, რომ ამ დრამატულ სურათს პოზიტიური მხარეც აქვს – სიკეთის კეთებაში ჩართულ ბავშვებში უფრო მეტის – მასშტაბურის კეთების სურვილი იღვიძებს, ესეც ერთგვარი სასწავლო პროცესია:
„პრობლემები უნდა ვაღიაროთ, მათზე ვისაუბროთ და გადაჭრის გზებიც გამოჩნდება – გამოჩნდებიან სამოქალაქო ატივისტები, პედაგოგები იდეებით: მაგალითად, ხულოში, ერთ–ერთი სკოლის მასწავლებლებმა თავიანთი კორპორატიული სიმბარათები მისცეს მოსწავლეებს, რომ მათ იაფად იყიდონ ინტერნეტი. ჩემი მოსწავლეებიც ფიქრობენ სხვა გზებზე – რა გავაკეთოთ, თუ შემდეგ სემესტრშიც იგივე პრობლემები გვექნება და ეს მნიშვნელოვანია – ისინი სამოქალაქო აქტივისტებად ყალიბდებიან და სწორედ ესაა სკოლის დანიშნულება: აქტიურ მოქალაქეებად, პატრიოტებად აღვზარდოთ ჩვენი მოსაწვლეები. უამრავი მოსწავლე მიკავშირდება და მათ ვთავაზობ, რომ თავადაც დაიწყონ აქტიურობა“.


