"კლინიკების ასოციაცია" - პრემიერს: "მესამე მსოფლიო ომში ვართ, გავშალოთ საველე ჰოსპიტლები"
27/11/2020 06:47:15 საზოგადოება
"კლინიკების ასოციაცია" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, კლინიკების მიმდებარედ "დროულად გაიხსნას საველე ჰოსპიტლები, ხოლო საავადმყოფოებმა დროულად დაიხმარონ სამხედრო ექიმები".
"ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3 მსოფლიო ომი, ვებრძვით ბიოლოგიურ იარაღს ვირუსის სახით... კლინიკები პაციენტებს ვერ იტევენ... სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან... ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები... პაციენტებს კლინიკის კოლიდორებში უწევთ დაყოვნება... მედპერსონალის დეფიციტია... ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს... დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს...
არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია:
1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები;
2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას.
შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს:
1) განიტვირთება კლინიკები;
2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი;
3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრედება მათი ოპერატიული მოქმედება;
4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში;
5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;
6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში.
7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუბლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს", – ნათქვამია "კლინიკების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ასოციაცია მთავრობას მიმართავს ინიციატივით, რომ მედპერსონალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს
"ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათის მანძილზე თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების მანძილზე გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავანთავისუფლოთ.ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს. სამწუხაროდ, არსებობენ ერთეული, ხელმოცარული სირცხვილის პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადექვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე ხელის შეწმენდა არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ დღეს პეპერობანას თამაშის დრო არ არის... ყოველდღე ადამიანები იღუპებიან... ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება...", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება:
„მიუხედავად იმისა, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე დიდი გამოხმაურებაა და სურვილია, ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს საველე ჰოსპიტლების მოწყობას. ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებითი რესურსი სავაადმყოფოებსა და კოვიდსასტუმროებში მოვიძიოთ“.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


