გოცირიძე შერჩევითობაზე საუბრობს: "საშობაოდ შეზღუდვები მხოლოდ მართმადიდებლებისთვის იხნება"
27/11/2020 05:42:59 საზოგადოება
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მთავრობის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დასვენების დღეები მხოლოდ ერთი რელიგიის წარმომადგენლების დღესასწაულს, კერძოდ, მართმადიდებლების მიერ შობის აღნიშნვას ეხება.
"პრემიერმა განცხადება გააკეთა, სადაც ერთ სეკულარულ დღესასწაულზეა საუბარი - ახალ წელზე, რომელიც ყველას გვეხება და ერთ რელიგიურ დღესასწაულზე, რომელიც ერთი კონკრეტული რელიგიის თემის ერთ ნაწილს ეხება. ჩვენ უკვე მესამე კვირაა, როგორც კი 1 000-ს ასცდა მაჩვენებელი, მსახურებები ისევ შევწყვიტეთ. შობის დღესასწაული მრევლისთვის მაინც არ იქნებოდა, რადგან მე ვიცი, რომ შობა, ახალი წელი და აღდგომა "კორონამ" არ იცის, აქ სახელმწიფოს მიდგომაზეა საუბარი", - აცხადებს გოცირიძე "ფორმულასთან" საუბრისას
26 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისსტრმა გიორგი გახარიამ ახალ შეზღუდვებზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:
"გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება".
ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


