რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი იმ ადამიანებს მიმართავს, რომელთაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ
26/11/2020 19:49:01 საზოგადოება
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორი ლევან გოფოძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომელთაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ.
"ადამიანებისთვის, რომლებსაც „კოვიდის“ არსებობა არ სჯერათ, არის რეკომენდაცია, რომ იქნებ, კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები. მაშინ დარწმუნდებიან, რომ ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა. საბედნიეროდ, ინფიცირებულთა ძირითადი რაოდენობა ამას ადვილად გადაიტანს, ან საშუალო სიმძიმის არის და ჰოსპიტალიზაცია საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ ვინც მძიმეა, ისიც სრულიად საკმარისია, რომ ამ დაავადების მთელი ეს სისასტიკე შეიგრძნო", – განაცხადა გოფოძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებს ყველა – სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე, ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა ძალიან რთული იქნება.
"შეზღუდვებს მუდმივ რეჟიმში ვერ დავაწესებთ და ზაფხული ამის მაგალითი იყო, როცა რაღაც დონეზე საჭირო გახდა გახსნა, რადგან ადამიანთა გარკვეული ნაწილი შეიძლებოდა, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩენილიყო. ეკონომიკამ თუ არ იმუშავა, ქვეყანა საერთოდ დაიქცევა, მაგრამ არის მეორე მომენტიც, როდესაც დაავადებულთა რაოდენობა ასეთი სისწრაფით იზრდება, მაშინაც შეიძლება, ქვეყანა დაიქცეს. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იშრომონ, უბრალოდ, არ გვეყოლებიან. თუ ჰოსპიტალურ სექტორზე განუზომელი დატვირთვაა, კოლაფსი ყველა ვარიანტში მოხდება. ამიტომ ამის რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გოფოძემ.
ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 98 781პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1124 გარდაიცვალა.


