სააკაშვილი – შეზღუდვებზე: "ახალ წელზე, არდადეგებზე კორონავირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული?"

26-11-2020 22:10:32 პოლიტიკა

"ახალ წელზე, არდადეგებზე კორონავირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული?", - ასე ეხმიანება ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალი აკრძლავების დაწესების საკითხს.

მისი შეფასებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება "აბსურდულია".

"სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თავისი ტყავის გადარჩენისთვის გაკეთებული გადაწყვეტილებაა. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი? როგორ ხდება, რომ 24 დეკემბერს ისევ გაიღება? ახალ წელზე, არდადეგებზე ვირუსი სადმე მიდის? რამე საგზური აქვს აღებული? თუ გინდათ, რომ სასწრაფოდ, კონტრაბანდით შეიყვანოთ დანაშაულებრივი გზით დანიშნული პარლამენტი და ამისთვის გჭირდებათ? სად წავიდა ის 10 მილიარდი, რომელიც თქვენ აიღეთ. კაპიკები, რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა? ეს ფული თქვენ გახარჯეთ თქვენს ტენდერებზე, ბიზნესებსა და კარგად ყოფნაზე. მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი. ერთადერთი გამოსავალია – ხალხმა უნდა ჩაკეტოს ,,ოცნების“ მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. შემდეგ, პარალელურად, ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 98 781პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები