"ძალიან რთული დეკემბერი იქნება"

26-11-2020 21:45:50 საზოგადოება

"ძალიან რთული დეკემბერი იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. "კოვიდით" სიკვდილიანობამ გადაასწრო კიბოს, ინსულტს, გადაასწრო მალარიას, ჰეპატიტს C-ს და B-ს სიკვდილიანობის სტატისტიკას. ერთი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო ციფრებია და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ამ სამი კვირის განმავლობაში, რაც ეს შეზღუდვები იქნება, გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუძლოთ ამ სირთულეებს. სხვა გამოსავალი არ არის, ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ დღეს თუ გვაქვს ყოველდღიურად 3-დან 4 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა, ლაბორატორიულად დადასტურებული, სინამდვილეში ეს შემთხვევები არის სამჯერ მეტი. რეალურად გვაქვს დაახლოებით 8-დან 10 ათასამდე შემთხვევა. ეს ყოველთვის ასეა ყველა დაავადებასთან მიმართებაში. ერთია რასაც სისტემა იჭერს და არეგისტრირებს. მაგალითად, ინფექციებს რომ თავი დავანებოთ, დიაბეტით ჩვენთან რეგისტრირებულია 110 000 ადამიანი, მაგრამ საერთაშორისო ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, ჩვენთან არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დიაბეტით", – განაცხადა გაყრელიძემ ტელეკომპაია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 98 781პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები