გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო: "საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში მშობლებმა ჭიები აღმოაჩინეს"

26-11-2020 18:44:29 საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის საბავშვო ბაღებიდან წაღებულ შვრიის რამდენიმე შუფუთვაში მშობლებმა ჭიები აღმოაჩინეს.

„პანდემიიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა და განახლდა პროდუქტის გაცემის პროექტი. აღნიშნული პროექტის განახლების შემდეგ პროდუქტი გაიცა გუშინ, 25 ნოემბერს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაიცა ბაღებიდან არის ვადიანი. მიუხედავად ამისა, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამდენიმე მშობელმა აღმოაჩინა ჭია (რადგან შვრია იყო შეფუთული, შეუძლებელი იყო ამ პრობლემის აღმოჩენა ჩვენი მხრიდან). ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ბაღებმა უზრუნველყვეს აღსაზრდელების მშობლების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოხდება შვრიის ამოღება და მომავალ თვეში ჩანაცვლდება აღნიშნული პროდუქტი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ყველა აღსაზრდელზე საკვები პროდუქტები გაიცა. სასურსათე კალათაში შვრიასთან ერთად, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, შაქარი, მანის ბურღული, კვერცხი, შედედებული რძე და ზეთი იყო მოთავსებული.