გამყრელიძის თქმით, რეგულაციების შესრულების შემთხვევაში იანვრის ბოლოს კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სავარაუდოდ, განახევრდება

26-11-2020 16:52:41 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში იანვრის ბოლო ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სავარაუდოდ, განახევრდება.

"ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი. მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამწუხაროდ ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები