ევროპაში შობა–ახალ წელს მკაცრი შეზღუდვებით ხვდებიან

26-11-2020 15:14:41 მსოფლიო

ბოლო პერიოდში კორონავირუსის მკვეთრი ზრდის გამო ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ უკვე არსებული შეზღუდვები ან უფრო გაამკაცრა, ან ქვეყანა ხელმეორედ ჩაკეტა. იმ ქვეყნების ნაწილი, სადაც ეპიდვითარება მეტ–ნაკლებად დასტაბილურდა, საშობაო პერიოდში აკრძალვებს ამსუბუქებს, ხოლო ის სახელმწიფოები, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ გაუარესებულად რჩება, შეზღუდვებს კიდევ უფრო აფართოებს.

მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც ქვეყანაში "ლოქდაუნი" უკვე ორჯერ გამოაცხადა, ამჟამად აკრძალვების შემსუბუქებას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებულების თანახმად, 28 ნოემბრიდან ეტაპობრივად მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა და შობა–ახალი წლის დღეებში მოქალაქეებს ახლობლების ნახვის საშუალება ექნებათ. ამასთან, 15 დეკემბრიდან გაიხსნება მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები.

რაც შეეხება რესტორნებსა და სკოლებს, ისინი 20 იანვრიდან გაიხსნება. თუმცა თუ კოვიდ–ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 5000–ს გადააჭარბა, ამ დაწესებულებებს კვლავ დახურვა ელით.

28 ნოემბრიდან რელიგიური მსახურება დასაშვები იქნება, თუმცა მას 30–ზე მეტი ადამიანი არ უნდა დაესწროს.

ბარები, კაფეები და ღამის კლუბები კვლავ დახურული რჩება და ჯერ–ჯერობით უცნობა, როდის განაახლებენ მუშაობას.

საფრანგეთში საშობაოდ ზამთრის კურორტები დახურული რჩება. მაკრონის თქმით, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები ზამთრის კურორტების გახსნაზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ საფრანგეთიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურავა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი უთანხმოების საგანია.

საფრანგეთისგან განსხვავებით, იტალიას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც პრემიერ–მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, იტალიის ეკონომიკა კიდევ ერთ საყოველთაო "ლოქდაუნს" ვეღარ გაუძლებს.

ქვეყანაში ამჟამად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. იტალიის 20 რეგიონიდან, 7 ჩაკეტილია. ამ რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.

საშობაოდ ზამთრის კურორტები მუშაობას ვერც იტალიაში შეძლებენ. კონტე სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც მოუწოდა, რომ არ გახსნან ზამთრის კურორტები.

იტალიის მსგავსად ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არც გერმანიას მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები, რომელთა რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.

გერმანიაში ისევ დახურულია რესტორნები, ბარები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხს საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია.

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.

გერმანიისა და იტალიისაგან განსხვავებით, ავსტრიამ კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ქვეყნის ხელახალი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიაში საყოველთაო "ლოქდაუნი" 7 დეკემბრამდე მოქმედებს. ქვეყნის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ აკრძალვები შობა–ახალი წლის პერიოდში გამარტივდეს. მოსალოდნელია, რომ სკოლები და მაღაზიები გაიხსნება 7 დეკემბრიდან, თუმცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მოქალაქეების შეკრების საკითხი.

რაც შეეხება ზამთრის კურორტების დახურვის იდეას, ავსტრია აღნიშნულს "შემაშფოთებელს" უწოდებს. ავსტრიამ შეშფოთება გამოხატა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ზამთრის კურორტებს დახურავს, ამისთვის „საფასურის გადახდა მოუწევს“ და კომპენსაციის თანხამ, შესაძლოა, მილიარდობით ევრო შეადგინოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები