რა დახმარებას ითვალისწინებს სამთავრობო პროგრამა

26-11-2020 14:29:45 საზოგადოება

საცალო გაყიდვებში და ბაზრობებზე დასაქმებულები, რომელთაც ახალი შეზღუდვები ეხებათ, 300–ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო მათ საჭიროების შემთხვევაში, სესხის გადავადებაშიც მიეხმარება.

პრემიერის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ყველა იმ პირმა, რომელსაც ერთჯერადი დახმარება ეკუთვნის და ესაჭიროება, 30 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

ამასთან, 4 თვის განმავლობაში მთავრობა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოახდენს. ამასთან, ისევე, როგორც გაზაფხულზე, 6 თვის განმავლობაში 200–200 ლარს – ჯამში1200 ლარს მიიღებენ მოქალაქეები, რომელთაც შეზღუდვების გამო დაკარგეს სამსახური. პროგრამა 1 იანვრიდან აღდგება.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველები, რომლთაც 65 000–დან 100 000 ქულამდე აქვთ, 100 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. დამატებით, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16-წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარის დახმარება. 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში.

ბიზნესი

გახარიას განცხადებით, ბიზნეს–სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

"კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება იყო ერთ-ერთი ეფექტური შეთავაზება. ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და იხდის სახელმწიფო", – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში ამ შეღავათმა 33 000 კომპანია დაფარა და 425 000 დასაქმებულს შეეხო. "ეს კი, დაახლოებით, 260 მილიონი ლარი გახლდათ", დასძინა მან.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები