ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის რიგი ლიდერი პროგრესზე საუბრობს, ზოგიერთი კი – ვითარების უცვლელობაზე

25-11-2020 23:44:42 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის რეზიდენციაში დიპლომატთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის რიგი ლიდერი პროგრესზე საუბრობს, ზოგიერთი კი – ვითარების უცვლელობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, "წითელი ხაზები" ისევ არსებობს ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის წინ გადადგმული ნაბიჯები":

“აშკარად არის პროგრესი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში, ეს არის დამაიმედებელი. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა პერსპექტივა, როგორი ზამთარი გველის, პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო შეიძლება, იყოს ერთპარტიული პარლამენტი. შესაბამისად, პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით არის წინსვლა".

თუმცა ელისაშვილისგან განსხვავებით, შეხვედრიდან გამოსულმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ვითარების უცვლელობაზე გაამახვილა ყურადღება:

"ჯერ ვართ იქ, სადაც ვიყავით. ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, გაიგებს, რამდენად დიდია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი. როდესაც საზოგადოების 2/3 არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და კრიზისია კარზე მომდგარი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორებმა ამ მოლაპარაკებების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდისთვის. უაზრობაა, როდესაც ყოველი არჩევნების მერე მივრბივართ ჩვენს მოკავშირეებთან, ვეხვეწებით არბიტრაჟს და შემდეგ ვიმეორებთ ერთიდაიგივეს მაგიდასთან".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე "ქართულმა ოცნებამ" ღია შეთავაზებები უნდა გააკეთოს, მათ შორის, ალტერნატიული გამოსავლების ძიების კუთხით:

"განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელზეც ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ოპოზიციაში ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციებზე, თუმცა ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ "ქართული ოცნების" მხრიდან მესამე რაუნდზე, თუ რა ალტერნატიულ გამოსავლებს ხედავენ, თუ არის ასეთი, მე არ ვიცი, ამ კრიზისიდან გამოსავლის კუთხით".

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია.

ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრა მესამე რაუნდისთვის მოსამზადებლად შეაფასა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:

“რა გამოვა ვერ გეტყვით, არც რაღაცა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც რაღაცა პესიმიზმის დათესვა. ტექნიკურ დეტალებს ვერ მოგიყვებით, არა მაქვს უფლება, რომ გამოვიტანო. ვერ გეტყვით ვერაფერს. არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები”.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა მზად არიან, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამ პარლამენტთან ითანამშრომლონ, რათა კანონმდებლობა შეიცვალოს და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს:

“ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები”.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებ, რომ პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება:

"მათთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ გვსურს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“ და მზად ვართ, ვიშრომოთ. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ".

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია იგივეა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრები, უაღრესად ვაფასებ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების ჩართულობას, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, კონკრეტულად, საქართველოში ევროკავშირის ელჩი და აშშ-ის ელჩი... დისკუსიის და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს "წითელი ხაზები" და მივიდეთ შეთანხმებამდე, ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშნვაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის შეთანხმება, მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები, ასეთ შემთხვევაში უკვე ვილაპარაკებთ იმ ცვლილებებზე, რაზეც ვისაუბრე. თუ არ შედგება ასეთი მკაფიო შეთანხმება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ ქუჩის საპროტესტო აქციები, დიდი ბრძოლა გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში, იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ", – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ინაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი პოზიცია იგივეა – "უნდა ჩატარდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნები".

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს. დღეს კი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აშშ–ის ელჩთან გამართეს ინდივიდუალური შეხვედრები.

ოპოზიციას პარლამნეტში შესვლისკენ რიგი დასავლელი პარტნიორები მათ შორის, აშშ–იც მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები