ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა

25-11-2020 17:57:10 მსოფლიო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის, ამერიკას მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.

სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი.

58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში.

გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.

ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში, გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. იგი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ.

არჩეულმა პრეზიდენტმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში იგი პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო.

გარდა ამისა, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე ჯეიკ სალვინი წარადგინა. იგი 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა.

არჩეულმა პრეზიდენტმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა.

ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები