"ქვეყანაში გაციებით მიმდინარე ყველა რესპირატორული დაავადებიდან, 90% კორონავირუსია"
25/11/2020 12:28:23 საზოგადოება
"ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ არის. სადღეისოდ გაციებით მიმდინარე ყველა რესპირატორული დაავადებიდან, 90% კორონავირუსია", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის "კოვიდი". დარჩენილია თითო-ოროლა ძველი ვირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო. ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება, არის კოვიდი", - განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.
"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.


