Accentnews.ge
"პიკში შევედით და თუ გამკაცრებულ ზომებს არ მივიღებთ, აღმასვლა გაგრძელდება"

"პიკში შევედით და თუ გამკაცრებულ ზომებს არ მივიღებთ, აღმასვლა გაგრძელდება"

25/11/2020 12:10:57 საზოგადოება

"პიკში შევედით და თუ გამკაცრებულ ზომებს არ მივიღებთ, აღმასვლა გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორის ანუ ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება, – მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია ზოგადი მიდგომა. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებელზე ასვლას, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ეკონომიკას. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S