პუტინი რუსული წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას ჯერ–ჯერობით არ იკეთებს

25-11-2020 15:33:48 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ირწმუნება, რომ რუსული წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, მას ჯერ–ჯერობით არ იკეთებს.

"ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ფართო ვაქცინაცია და სახელმწიფოს მეთაური ვაქცინაციაში მოხალისედ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს შეუძლებელია. პრეზიდენტი დაუმტკიცებელ ვაქცინას ვერ გამოიყენებს", – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

აგვისტოში პრეზიდენტმა პუტინმა პირველი რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "Sputnik V" შექმნის შესახებ განაცხადა. პრეპარატი გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მეტისმეტად მცირე რაოდენობა სახელდებოდა.

24 ნოემბერს გამალეას ინსტიტუტმა შუალედური მონაცემები გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინამ 91.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

14 ოქტომბერს მეორე რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით.

რუსეთი მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მე-5 ადგილზეა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები