სავარაუდოდ, COVID-19–ით მამა–შვილი ბინაზე გარდაიცვალა
25/11/2020 08:20:17 საზოგადოება
ახალციხეში სავარაუდოდ, კორონავირუსით მამა–შვილი ბინაზე ერთდღიანი შუალედით გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილების ახლობლები აცხადებენ, თავდაპირველად შვილის – 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ოჯახმა სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დაკავშირება ვერ შეძლო და ქალი ბინაზე გარდაიცვალა. გართულდა მამის – 73 წლის კაცის მდგომარეობაც. ამჯერად ოჯახმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან კონტაქტი შეძლო, თუმცა კაცის ჰოსპიტალიზება ვერ მოხერხდა, რის გამოც მას შინ დაბრუნება ტაქსით მოუხდა და მეორე დილით ისიც ბინაზე გარდაიცვალა.
„ექიმმა გოგოს შინ მკურნალობა დაუნიშნა, მაგრამ გოგო გარდაიცვალა. შემდეგ ოჯახის ექიმმა ოჯახს უთხრა, რომ სასწრაფო გამოეძახათ. სასწრაფოს ექიმმა განაცხადა, რომ კაცის კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო, მაგრამ საავადმყოფოში ვერ მიიღეს, „დღეს გიორგობაა და ექიმები არ არიანო“. კაცი სახლში ტაქსით დაბრუნდა და მეორე დღეს – დილით თავადაც გარდაიცვალა. მამა–შვილი ერთი დღის შუალედით დაუიღუპნენ“,– აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
ცნობისთვის: საქართველოში ყოველდღიურად კოვიდ–ინფიცირების 3 000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2–3-ჯერ აღემატება. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლით, საქართველოში ყოველ დღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 ახალი შემთხვევაა.
"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.


