Accentnews.ge
"მომდევნო ორი კვირა, როცა პიკი გვექნება, მაშინ მაინც შევიკავოთ თავი ერთმანეთთან ურთიერთობისგან"

"მომდევნო ორი კვირა, როცა პიკი გვექნება, მაშინ მაინც შევიკავოთ თავი ერთმანეთთან ურთიერთობისგან"

25/11/2020 08:18:38 საზოგადოება

"მომდევნო ორი კვირა მაინც, შევიკავოთ თავი ერთმანეთთან ურთიერთობისგან, დედაშვილურზეც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც", – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა საქართელოში შექმნილ რთულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

"მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა", – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, "ამჟამად მტყუან-მართლის გარჩევის დრო არ არის, ახლა ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ხალხის გადარჩენაზე":

„ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში".

მან მოქალაქეებს დისტანციის დაცვისა და პირბადეების ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

"მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ".

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S