"ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შეწყვეტაშია"
25/11/2020 07:25:17 საზოგადოება
ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საქართველოში შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამოსავალს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შეწყვეტაში ხედავს.
იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა პროტოკოლებში მკაცრად გაწერილი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები.
"ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, აღარ გვყოფნის საწოლები, ექთნები, ექიმები რომ გავუმკლავდეთ კოვიდს. ვეღარ ხდება მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, არის ამ მიზეზით გამოწვეული მსხვერპლიც - როდესაც ვერ მოხერხდა პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება. და ამ დროს არსებობს ერთი, ძალიან მარტივი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელსაც არც მატერიალური რესურსი სჭირდება, არც ტექნოლოგიური აღჭურვილობა, არც მეცნიერული პოტენციალი - ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შეწყვეტა! თითქოს ყველამ იცის დეკლარირებულ დონეზე, ამ საკითხზე დღეს უკვე ყველა საუბრობს რომდენიმე კვირაა, მაგრამ რაღაც მოჯადოებული აურა არ იძლევა ამ მარტივი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას.
დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არ ნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. აშშ-ის, ევროპის გამოცდილება რომ ავიღოთ - 5-10% ია, მაქსიმუმ, 15%. ჩვენ შეგვიძლია,ერთი დღის განმავლობაში, გავაორმაგოთ საწოლები, გავაორმაგოთ თითო პაციენტის წილ მოსული ექთნის და ექიმის რაოდენობა, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ჰოსპიტალიზაციის განხორციელება, ავწიოთ მოვლის და მკურნალობის ხარისხი და ეს უკანასკნელი ასევე პირდაპირპროპორციულია ვენტილირებული პაციენტების შემცირებასთანაც, რადგან ექიმს რჩება მეტი დრო და ყურადღების საშუალება, მაქსიმალურად თავიდან აიცილოს არასაჭირო ინტუბაცია.
ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ: პროტოკოლებში მკაცრად გაწერილი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები! კოვიდი ერთ–ერთი გამორჩეული დაავადებაა, რომელსაც აქვს ძალზე ობიექტური, ადვილად გაზომვადი, ძნელად მანიპულირებადი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმი და ამ საკითხის მკაცრად გაკონტროლებაც არ წარმოადგენს პრობლემას. და ამის მაგივრად იმართება მრავალსაათიანი შეხვედრები, განხილვები, „აზრთა“ ჭიდილი, ექსპერტთა მწუხარება არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების ტანჯვა-ვაება მომავალზე ფიქრით - მოკლედ სადომაზოხიზმი მოქმედებაში, საქმის ნაცვლად! ხოლო მას, ვისაც ეს ეხება, აი იგი სრულ კმაყოფილებაშია არსებული ვითარებით და პერიოდულად ამაყობს ამ პროცენტით", – წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ:
"პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 1505-ზე, ეს ზარი იწერება და, შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო არაერთმა კლინიკამ განაცხადა, რომ კოვიდ–ინფიცირებულთათვის თავისუფალი საწოლი აღარ დარჩათ.
ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 34 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3366 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.
"2-ჯერ, 3-ჯერ მეტია. ჩვენი გათვლებით, 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის დღეში. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან შემდგომ იმისათვის, რომ გაიტესტონ ან სისტემაში მოხვდნენ", - აცხადებს იმნაძე.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 114889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 95581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1085 გარდაიცვალა.


