"დღეში 4000–მდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს"
24/11/2020 09:58:53 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იმაზე მეტია, რაც ვლინდება.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4 000–მდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 000 ეს არის ის, რაც ვლინდება და დიაგნოსტირება. ეს 4 000 არიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები აწუხებთ, მიდიან დასატესტად და ა.შ. დანარჩენი არიან უსიმპტომოები ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება..ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი კოვიდ–ინფიცირებულია, ეს 59 მილიონი კი არ არის, მასზე 3–ჯერ მეტია. 59 მილიონი არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.


