"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ამ დროისთვის 279 საწოლია თავისუფალი"
24/11/2020 09:29:33 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ამ დროისთვის 279 საწოლია თავისუფალი".
ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952. ამ ეტაპზე აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.


