ცქიტიშვილი განმარტავს, აწესებს თუ არა მთავრობა ახალ შეზღუდვებს
24/11/2020 08:55:02 საზოგადოება
საქართველოს ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ–ჯერობით არ არის.
"დღეის მდგომარეობით ჩვენ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწვეტილებები მიღებული არ გვაქვს. ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება", – განაცხადა ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მთავრობა საყოველთაო "ლოქდაუნის" შემოღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ახალი შეზღუდვები მობილობის შემცირებაზე იქნება ირიენტირებული.
"როცა მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შესაძლოა იყოს სამუშაო საათების შემცირება, გარკვეულ დღეებში გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში თუნდაც ტრანსპორტის შეჩერება, მაგრამ ისევ და ისევ, მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რომ არ ვლაპარაკობთ ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნზე", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს პირბადეების ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ.


