აჭარაში კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა
24/11/2020 08:30:13 საზოგადოება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 55 წლის მამაკაცს კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა.
"მას ჰქონდა გულის თანმხლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.
ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 გარდაიცვალა.


