ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ანტიბიოტიკების თვითნებური მიღების საშიშროებაზე საუბრობს
23/11/2020 20:27:43 საზოგადოება
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ანტიბიოტიკების თვითნებური მიღების საშიშროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "თუ ანტიბიოტიკების შიდა მოხმარება ასეთი ტემპით გაგრძელდება, ანტიბიოტიკი იქცევა რარიტეტად, თაროზე შემოსადებად".
„არსებობს ერთი დიდი საშიშროება, რომლის შესახებაც მინდა, საზოგადოებას ხმამაღლა ვუთხრა – ჩვენ შესაძლოა, კოვიდპანდემიას მოვერიოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება, უძლური ვიყოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის წინააღმდეგ. ანუ ბაქტერიების წამალგამძლეობა იქნება გადაულახავი ბარიერი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით. ანტიბიოტიკი აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება; თუ ანტიბიოტიკების შიდა მოხმარება ასეთი ტემპით გაგრძელდება, ანტიბიოტიკი იქცევა რარიტეტად, თაროზე შემოსადებად. ხვალ შეიძლება, უმარტივესი, მცირე ინფექციაც კი სიკვდილის მიზეზი გახდეს. თუ ამ თემას გონივრულად არ მივუდგებით, აი, ეს გველოდება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების ხშირად, არადანიშნულებისამებრ მიღება არ არის მხოლოდ ადამიანთა ქმედების ხარვეზი და ზოგჯერ, ჩვენც, სამედიცინო საზოგადოებაც ვცოდავთ“, – აღნიშნა ავალიანმა.
ამასთან, მან მოსახლეობას პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდა. "დისტანცია და პირბადის ტარება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა", – დასძინა მან.


