"მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში"

23-11-2020 23:28:08 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ ტედროს ადანო გებრეისეუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში.

"კოვიდ–საწინააღმდეგი ვაქცინების შექმნის შესახებ გავრცელებული ცნობები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს. ახლა არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა გამოცდილი ზომები დაეხმარება მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში. თუმცა მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში. ყველა მთავრობას სურს მაქსიმუმი გააკეთოს, რათა საკუთარი ხალხი დაიცვას. თუმცა, ჩნდება საფრთხე, რომ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ადამიანებს ვაქცინის რიგში გაჭყლეტენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მისივე თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მთელ მსოფლიოში დასარიგებლად "დაუყოვნებლივ საჭიროა 4,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია".

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 23 ნოემბერს კი კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მის მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 70%-ს შეადგენს.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 59 331 422 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 399 580 ადამიანი იმსხვერპლა. 41 021 556 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები