17 წელი: საქართველო  კიდევ უფრო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა, ვიდრე 2003-ში?

23-11-2020 18:46:43 ანალიზი

17 წლის წინ ქართული საზოგადოების კრიტიკულმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სტაგნაციას აღარ მოითმენდა, რომ სჭირდებოდა ცვლილებები, რომ მოქმედების დრო იყო - და დადგა „ვარდების რევოლუციად“ ცნობილი დღეც, რომელმაც მთელი რიგი კარდინალური ცვლილებები მოიტანა, მაგრამ მყარი ინსტიტუციური დემოკრატია ამ დრომდე ვერ მივიღეთ: დღეს – 17 წლის შემდეგ კვლავ ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებებზე გვიწევს საუბარი და მეტიც, მთელი რიგი ანალიტიკოსების შეფასებით, ახლა ქვეყანა კიდევ უფრო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა, ვიდრე 2003-ში. მათი ხედვით, საქმეს ისიც ართულებს, რომ თუ იმხანად ქვეყნის სათავეში «გამჭრიახი პოლიტიკოსი იდგა, დღეს პროცესებს ოლიგარქი მართავს». და კიდევ გადამწყვეტი მნიშვნელობი ფაქტორი: არის კი საკმარისად მტკიცე საზოგადოების იმ ნაწილის ნება, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მოქმედი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ მისცა? როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, სწორედ საზოგადოების ნებაა ის რესურსი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას გაააქტიურებს, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობამ კი დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს პარტიული თუ პერსონალური ამბიციების დაოკება და ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის პოვნა უნდა აიძულოს.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის დაკვირვებით, ისევე, როგორც 2003 წელს, დღესაც ქვეყნის შიგნით გროვდება პრობლემები, რომელიც მის განვითარებას აფერხებს და ეს ყველაფერი ემატება საქართველოს წინაშე მდგომ გამოწვევებს:

„მასშტაბების შედარება რთულია – ეს ისტორიამ უნდა შეაფასოს, ჩვენ კი, როგორც პროცესების მონაწილეები, ობიექტურობას ვერ შევინარჩუნებთ. თუმცა ფაქტია, რომ მაშინდელის მსგავსად, ახლაც საზოგადოებაში ისეთი პრობლემები გროვდება, რომელიც ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს, შედეგად კი იწყება სერიოზული კრიზისული მოვლენები. მაშინდელი ისტორიული მოვლენები ვიცით, დღეს კი მოვლენების განვითარებას ბუნდოვანი კონტურები აქვს. მაშინ იყო მთელი რიგი ცნობილი მანკიერებები, მათ შორის - ტოტალური კორუფცია. დღეს გარკვეული მსგავსებები შეიძლება, დავინახოთ კორუფციის და რთული განვითარების პერსპექტივის კუთხით, მაგრამ სისტემა ბევრად უფრო სტაბილურია. ამავდროულად, ამჟამინდელი ვითარება ხასიათდება ახალი პრობლემებით, რომელთა შორისაა ჩრდილოვანი მმართველობა, ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობები, ინტერეს-ჯგუფები და ა.შ. ეს ყველაფერი სახეზე გვაქვს, ვითარებიდან გამოსვლის პერსპექტვა კი არ ჩანს: ჯერ–ჯერობით მხარეების პოზიციები ხისტია“.

ამასთან, მისი შეფასებით, ცვლილებაა საზოგადოებრივი განწყობის თვალსაზრისითაც:

„მაშინ განწყობა ბევრად უფრო ოპტიმისტური იყო: სჯეროდათ, რომ ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის მიდიოდა. დღეს კი იმგვარი განწყობაა, რომ ბრძოლა წარსულსა და აწმყოს შორის მიმდინარეობს, - თითქოს მომავლის ადგილი ჩვენს ცხოვრებაში არ იყოს. საზოგადოებას უკეთესი მომავლის იმედს არავინ სთავაზობს და ესაა ყველაზე სევდიანი შესამჩნევი ტენდენცია“.

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ «დღეს არც ისე კატასტროფული ვითარებაა, როგორც 2003 წელს, როდესაც სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობდა», საზოგადოებას კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები უდგას და ამ გამოწვევებზე რეაგირება ქვეყნის ხვალინდელ დღესაც განსაზღვრავს:

„დღეს გამოწვევად რჩება დემოკრატიული მმართველობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება: ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა არაა გამჭვირვალე, სასამართლოს გადაწყვეტილებები ბუნდოვანია და შესაბამისად, საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა დაბალია; წარმოებული გამოძიებები არაა ტრანსფარენტული და საზოგადოებაში პროტესტს აჩენს; გაუმჭვირვალეა დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების წესიც, მათ შორის – საკადრო პოლიტიკა; ასევე არაა გამჭვირვალე საგარეო პოლიტიკა და იბადება უამრავი ეჭვი, მათ შორის – მაგალითად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო: რატომ დაიხურა სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი - საზოგადოებისთვის კითხის ნიშნის ქვეშ დარჩა“.

გოგოლაშვილის აზრით, ქართული ინსტიტუტების სისუსტე აჩვენა კორონავირუსულმა პანდემიამაც:

„გვყავდა ნიჭიერი ხალხი, რომლებმაც მოგვცეს რჩევები, ვიცავდით თავს, მაგრამ როგორც კი არჩევანი დადგა – პოლიტიკა თუ ჯანმრთელობა, გადაწყდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკაა და ეს ნათლად გამოჩნდა. გამოჩნდა ისიც, რომ ინსტიტუტები არ აღმოჩნდნენ ძლიერნი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სწორად მართავდნენ ვითარებას შეზღუდვების და საერთაშორისო დახმარების ხარჯზე. ახლა კი ვხედავთ, რომ მაგალითად, ჯანდაცვა არ იყო სათანადოდ მომზადებული, არც სტრატეგია აქვს, ყოველ შემთხვევაში, ის არ ჩანს; ხელმძღვანელობა ვერ ახდენს საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ამდენად, გამოდის, რომ ჩვენი ზომის ქვეყნებს შორის ნამდვილად არ ვართ საუკეთესო ფორმაში – მეტი ვიტრაბახეთ, ვიდრე საჭირო იყო“.

მისივე აზრით, დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევები ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ემუქრება, მათ შორის - ფინანსური მდგრადობის კუთხითაც:

„თუ გამოწვევები არ აღმოიფხვრა, პერსპექტივა მხოლოდ პერსპექტივად დარჩება. ყველა დონორი აკვირდება, რამდენად კარგად იქნა ათვისებული წამოსული დახმარება – რამდენად ხდება ტრანსფორმაცია. რომ გადავთვალოთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი მოცულობის დახმარება ჩვენ მივიღეთ. აქამდე თუ ითვლებოდა, რომ საქართველო ყველაზე სწრაფად მიდის წინ, მიუხედავად ხარვეზებისა, ახლა უკვე დადგა ეტაპი, როცა აკვირდებიან იმას, რაც გასაკეთებელი დაგვრჩა და თუ პროგრესი არ ვაჩვენეთ, ვერც ლიდერად ჩაგვთვლიან, დახმარებაც და მხარდაჭერაც შემცირდება. ეს კი მოსახლეობაზე აისახება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები