საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რიგი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა
20/11/2020 12:34:37 საზოგადოება
2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა ჩერდება.
აღნიშნულს საქართველოს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.
„COVID-19–ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა.
ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.


