ოპოზიციამ 21 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა გადაიფიქრა
20/11/2020 12:00:08 საზოგადოება
ოპოზიციამ 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა გადაიფიქრა.
საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ სურთ, პროცესს რაიმე დამატებითი მნიშვნელობა შესძინონ, რის გამოც მის იგნორირებას არჩევენ.
“ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა, გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს. ვინაიდან ეს არის სრული ფარსი, რაც ხვალ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურზე და შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომლებზეც ადრე ვმსჯელობდით”, – განაცხადა ენმ-ის ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს, რომ 21 ნოემბერს რომელიმე პარტიამ საკუთარი ინიციატივით რაიმე სახის აქცია გამართოს, თუმცა “საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია”.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღემდე გამართული მოლაპარაკებათა 2 რაუნდის წინ ფასილიტატორებს ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე შეხვედრები არ გაუმართავთ.


