ჯანმო: "რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის"
20/11/2020 08:36:17 მსოფლიო
კომპანია „გილიადის” მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატის „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
ჯანმო–ს თქმით, ორგანიზაციის დასკვნა ემყარება ოთხ საერთაშორისო კვლევას, რომელშიც Covid-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 7 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა და რომელმაც დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს პაციენტებში ლეტალობის შემთხვევებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და სხვა მაჩვენებლებს.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 1 მაისს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ გადაუდებელ შემთხვევებში (ჰოსპიტალიზებულ მძიმე პაციენტებში) COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენება დასაშვებად გამოაცხადა. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც.
ცნობილია, რომ აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა, სხვა პრეპარატებთან ერთად "რემდესივირითაც" მკურნალობდნენ. პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრამპი დაავადებისგან განიკურნა.
რაც შეეხება საქართველოს, ცოტა ხნის წინ თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში საქართველოს კოვიდ–ინფიცირებულ მოქალქეებს "რემდისივირით" მკურნალობის საშუალება ექნებათ და მას მხოლოდ მძიმე პაციენტებში გამოიყენებენ.


