ჯანმო: "თუ პირბადეს მოქალაქეების 95% ატარებს, ქვეყანაში "ლოქდაუნი" საჭირო აღარ იქნება"
19/11/2020 17:25:50 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას პირბადის ტარების მნიშვნელობაზე.
"ლოქდაუნების" თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ პირბადეს მოქალაქეების 95% ატარებს, ქვეყანაში "ლოქდაუნი" საჭირო აღარ იქნება", – განაცხადა ჯანმო–ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ მკაცრი "ლოქდაუნის" შემოღების საჭიროება კარგად უნდა აწონ–დაწონოს.
"მკაცრი შეზღუდვების დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან იგი არა მარტო ეკონომიკურ ზიანს იწვევს, არამედ – ჯანმრთელობის პრობლემებსაც. მაგალითად, ფსიქიკურ პრობლემებს. გარდა ამისა, მკაცრი ჩაკეტვის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება. როგორც "ლოქდაუნის" დაწსება, ასევე მისი მოხსნა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. შეზღუდვები მაქსიმალური სიფრთხილითა და ეტაპობრივად უნდა მოიხსნას", – განაცხადა კლუგემ.
ცნობისთვის: 4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "სადღეისოდ საქართველოში ნიღბის გამოყენება 60-64%-ის ფარგლებში გვაქვს".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 73 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 853 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 56 873 876 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 360 127 ადამიანი იმსხვერპლა. 39 557 377 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


