Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება"

19/11/2020 16:38:39 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.

მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში ევროპაში Covid-19-ით 29 000 ადამიანი გარდაიცვალა.

"ევროპა აშშ–სთან ერთად ამჟამად პანდემიის ეპიცენტრია. წინ რთული ექვსი თვე გველის. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ჯანმო–ს წევრ 53 ევროპულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15.7მილიონი შემთხვევა, აქედან 4 მილიონი ბოლო კვირაში დაფიქსირდა; დაავადებამ რეგიონში 355 000–მდე ადამიანი იმსხვერპლა", – განაცხადა კლუგემ.

იგი რიგი ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეპარატების ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდა, არ მოეშვან და სადღეისოდ არსებული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან.

ცნობისთვის: 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მ განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 56 873 876 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 360 127 ადამიანი იმსხვერპლა. 39 557 377 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 73 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 853 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S