პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციას მართავს
18/11/2020 07:15:40 საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია მდუმარე აქციას მართავს.
კერძოდ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ოპერის შენობიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე შეკრულია ცოცხალი ჯაჭვი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ფურცლები წარწერით "გაყალბებულია".
მშვიდობის ხიდიდან გადმოფენილ ბანერზე კი გაკეთებულია წარწერა: "არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა".
შეგახსენებთ, რომ პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამჟამად პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება. აღნიშნულის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და 13:20წუთზე კი საქართველოს დატოვებს.


