"შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე"
17/11/2020 16:23:30 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, არ გამორიცხავს, რომ მკურნალობის კლინიკაში გაგრძელება დასჭირდეს.
„შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე. გააჩნია, როგორ წავა ინფექცია, იქნება ისე, როგორც გუშინ და დღეს იყო, თუ დამძიმდება. ტემპერატურის მომატება მაქვს-37,8, ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. თუ ანალიზებმა აჩვენა რომელიმე გართულების (თრომბოემბოლიური გართულება, დისტრეს სინდრომი, თავის ტვინი დაზიანება, გულის დაზიანება) საფრთხე, მაშინ საავადმყოფოში დავწვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიტამინებს ვიღებ, სიცხის დამწევებს და ბევრ სითხეს. არავითარი გადასხმები არ არის საჭირო, სჯობს სითხე დალიო ჩვეულებრივად. შეიძლება, წვენებიც დალიო, ყავაც და ჩაიც, თუმცა ორი-სამი ლიტრი სითხე უნდა დალიო და მინიმუმ, ნახევარი აქედან უნდა იყოს სუფთა წყალი, რადგან წყალი არის ყველაზე კარგი. ვაპირებ „რემდესივირის“ გაკეთებას, თუ ვიშოვი. ეს პრეპარატი ჯერ არ არის საქართველოში. სახელმწიფო აპირებს შესყიდვას, მაგრამ კიდევ ორი-სამი კვირა არ იქნება, რამდენიმე კაცმა უკვე გადაისხა, მე ვისაც დავუნიშნე ორი ადამიანი იყო ასეთი, ორივესთან კარგი შედეგი იყო, ინტუბირებული პაციენტები იყვნენ და მოიხსნენ ინტუბაციიდან“, – აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
ცერცვაძის თქმით, არ იცის, ვინ არის მისი ინფიცირების წყარო.
დღესვე თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ინფიცირებულთან კონტაქტია. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეს ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძე არ არის.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 გარდაიცვალა.


