"აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშავონ, რათა თურქეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხონ"
17/11/2020 06:00:48 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთს "აგრესიული ქმედებების გამო" აკრიტიკებს.
"მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან აგრესიული იყო. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერას და ანკარას ნაბიჯებს ლიბიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა თურქეთის ქმედებებს უპასუხონ", – განაცხადა პომპეომ საფრანგეთში ვიზიტის დროს.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის საჰაერო ძალები თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე არიან განთავსებულები. აღსანიშნავია, რომ თურქეთიც და აშშ–ის ნატო–ს წევრი ქვეყნები არიან.
ცნობისთვის: ოფიციალური ტურნეს ფარგლებში, რომელიც 13–დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, პომპეო საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთს ეწვევა.
იგი გუშინ საფრანგეთიდან თურქეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მას შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს. დღეს პომპეო სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს, სამოციქულო ნუნციოს მთავარეპისკოპოს პოლ რასელს და ქვეყანაში აშშ–ის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი იგი საქართველოს ეწვევა.


