"ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე არსებულ მეთოდებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათ დაემატება"
16/11/2020 19:22:20 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანო გებრეიესუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიამ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების წარმატების თაობაზე განაცხადეს, მოქალაქეებმა დღემდე არსებული რეკომენდაციების დაცვა ზედმიწევნით უნდა განაგრძონ.
"ხალხი თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს. ახლა ჩვენ ძალიან გვაღელვებს Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ტალღა, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებით, ევროპასა და ამერიკაში ვხედავთ. ჯანდაცვის სისტემები უკვე გადატვირთვის ზღვარზეა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე არსებულ მეთოდებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათ დაემატება", – განაცხადა გებრეიესუსმა.
ცნობისთვის: 16 ნოემბერს ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მ განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 54 940 465 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 326 314 ადამიანი იმსხვერპლა. 38 219 158 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.


