ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16/11/2020 16:10:47 საზოგადოება
ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.
"ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, იმ კლინიკასთან მიმართებაშიც, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მოგვიანებით, გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ბავშვი სხვა კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა:
"ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში. მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ საჭიროდ ჩათვალა გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი".
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.


