გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში არ დასჭირდება ქვეყანას COVID–19-ის სამართავად დამატებითი სივრცეები
16/11/2020 11:38:50 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანას კოვიდ–ინფიცირებულთა სამართავად დამატებითი სივრცეების მობილიზება არ დასჭირდება, თუ ჰოსპიტალური მკურნალობის მაჩვენებელი აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში 15–20% იქნება.
მისივე თქმით, სადღეისოდ საავადმყოფოებში 5000 პაციენტი წევს და ყოველდღიურად ხდება საწოლფონდის მობილიზება, რომელიც ამ თვის ბოლომდე 8 500-მდე უნდა გაიზარდოს.
"აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზების საკითხისა. თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რადგან ამ ეტაპზე კიდევ 3000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ტრიაჟი. მაგალითად, ამჟამად საავადმყოფოებში 5000 პაციენტი წევს. მათი დიდი ნაწილი კოვიდ-სასტუმროსა და ბინაზე მკურნალობას საჭიროებს მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით. პაციენტთა გადანაწილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს - მზარდი ინფიცირების ფონზე. სტაციონარში მოთავსებული პაციენტების პროცენტი აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყანაში 7, 10 და15%–ია. ჩვენთან ალბათ, კარგი იქნება ამის 15–20%–მდე შენარჩუნება და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს",– განაცხადა გამყრელიძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 230.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.


