საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება
16/11/2020 11:29:36 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საყოველთაო "ლოქდაუნი" არ იგეგმება, თუმცა "შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება"
"ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები დღეს საღამოსაც და ხვალაც გაიმართება. მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, "მთავარია, მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც პირბადის ტარებას, ხელების დაბანას, სოციალურ დისტანცირებას და დიდი თავყრილობებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს".
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 230.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.


