გამყრელიძის თქმით, ნოემბრის ბოლომდე საწოლფონდის 8500-მდე გაზრდა იგეგმება
13/11/2020 13:00:14 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ნოემბრის ბოლომდე საწოლფონდის 8500-მდე გაზრდა იგეგმება.
"დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მობილიზირებულია დაახლობით 5 500-მდე საწოლი. დღევანდელი რიცხვით საავადმყოფოებში 4 751 პაციენტი წევს და ყოველდღიულად ხდება საწოლფონდის მობილიზება, რომელიც ამ თვის ბოლომდე 8 500-მდე უნდა ავიდეს. თუ 8 500 საკმარისი არ იქნა, მაშინ არის გეგმა “ბ“, რომელიც დიდი სხვა სივრცეების მობილიზებას გულისხმობს, მათ შორის დავარქმევთ ამას საველე ჰოსპიტალს თუ დიდ სივრცეებს, სადაც შეიძლება დამატებითი ადგილები იყოს გამონახული, რათა პაციენტებს ჰოსპიტალური დახმარება მიეწოდოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.


