ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, როგორ მოხვდნენ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე VIP ლოჟაში კონკრეტული პირები
13/11/2020 11:36:32 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, როგორ მოხვდნენ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე VIP ლოჟაში კონკრეტული პირები.
ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, ლოჟაში რიგი პირების მოხვედრა უეფა–სთან იყო შეთანხმებული:
"არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფა–სთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციასაც წინასწარ ჰქონდა სიები შეთანხმებული. ისინი უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენი წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს".
კითხვაზე, "რა ნიშნით იყო შერჩეული ირაკლი კობახიძე", მუჯირი აცხადებს, რომ კახა კალაძეს, წარსულში ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, ჰქონდა 3-ადგილიანი კვოტა. ის მიანიშნებს, რომ კობახიძე მატჩზე სავარაუდოდ სწორედ კალაძისთვის გამოყოფილი კვოტების საფუძველზე მოხვდა:
"ქალაქის მერი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე“.
“ძალიან ვწუვარ, რომ დღეს ამ კითხვებს… როცა ასეთი მძიმე წუთებია და ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატამდე”, – დასძინა მუჯირმა.
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.


