Accentnews.ge
COVID-19-ზე უარყოფითი, მაგრამ დადებითი? – “Med 11”–ის პასუხი ბრალდებებს

COVID-19-ზე უარყოფითი, მაგრამ დადებითი? – “Med 11”–ის პასუხი ბრალდებებს

13/11/2020 11:06:34 საზოგადოება

ორი დღეა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ქართულ სეგმენტში აქტუალურ თემად რჩება მოქალაქის პოსტი, რომელიც პისიარ–ტესტს და ერთ–ერთ კვლევით კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილებას ეხება.

ქალი წერს, რომ ოჯახის წევრს კომპანია “Med 11”–ში PCR–ტესტი ორჯერ ჩაუტარეს, ოპერატორმა ორჯერვე ამცნო, რომ პასუხი უარყოფითი იყო, შესაბამისად, ოჯახის წევრებმა მკაცრი იზოლაციის საჭიროება ვერ დაინახეს და სხვადასხვა საჭიროებისთვის სოციალური აქტივობა განაგრძეს. თუმცა მოგვიანებით უკვე ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია, რომ საქმე COVID-19–თან ჰქონდათ:

„4 ნოემბერს, ღამით დედაჩემს მისცა სიცხე, შეუძლოდ გახდა. ცხადია, დილასვე გამოვიძახე კომპანია “Med 11” PCR- ტესტის გასაკეთებლად (სხვაგან ადგილი არ იყო). 5 ნოემბერს დამირეკეს და მითხრეს, რომ პასუხი უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი დადასტურებული არ ჰქონდა, დედაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა: სიცხის დაწევა გვიჭირდა, დაეწყო ხველა. გადავუღეთ რენტგენი და ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. ვინაიდან დედაჩემი რისკ–ჯგუფშია (არის 68 წლის, აქვს დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები), ძალიან ვნერვიულობდით, ამიტომ 9 ნოემბერს განმეორებითი ტესტი გავაკეთეთ ისევ კომპანია “med 11”-ში. 10 ნოემბერს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ვინაიდან დარწმუნებულები ვიყავით, რომ დედაჩემს კოვიდ-19 ნამდვილად არ ჰქონდა, დავიწყე სამსახურში სიარული, სადაც უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი; მივდიოდი ნათესავებთან და მეგობრებთან სხვადასხვა საჭიროებებზე – ანუ ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოვიარე. პარალელურად ვუვლიდი დედაჩემს, ვუკეთებდი ანტიობიოტიკებს და ა.შ. რამდენჯერმე სხვა ადამიანის დახმარებაც დამჭირდა ნემსის და გადასხმის გასაკეთებლად. ცხადია, მათ ვუთხარი, რომ დედაჩემი კოვიდ– უარყოფითი იყო და პრობლემა არ შეექმნებოდათ. დღეს [12 ნოემბერს – რედ.] დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და მოიკითხეს დედაჩემი, ამიხსნეს, რომ კოვიდ-დადებითი იყო (9 ნოემბერსვე დადასტურებულა) და აინტერესებდათ მისი მკურნალობის მიმდინარეობა. თავიდან შეცდომა მეგონა და გადამოწმება ვთხოვე. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კომპანია “med 11”-მა ინფორმაცია არასწორად მოგვაწოდა“.

მოქალაქე წერს, რომ გეგმავს, იურისტს მიმართოს და იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაარეგულირებენ იმ კომპანიების სამუშაო პროცესს, რომლებიც “ვირუსის გამოვლენაში და თავის დაცვაში კი არ ეხმარებიან ადამიანებს, პირიქით, ვირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს“.

„აქცენტთან“ საუბრისას “med 11”-ში ხარვეზის არსებობა დაადასტურეს და ადამიანურ ფაქტორს დაუკავშირეს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია.

"ანალიზების აღება 5 და 9 ნოემბერს მოხდა. პირველი პასუხი იყო 6–ში, მეორე ტესტზე კი პასუხი ლაბორატორიამ 10–ში მოამზადა, თუმცა 11–ში, გვიან ღამით აიტვირთა. 12–ში, დაახლოებით 11:00 საათშე გადავაგზავნეთ პასუხები. რაც შეეხება ხარვეზს, ის ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა და ამის შესახებ ოჯახს ვესაუბრეთ: დაავადებათა კონტროლის ცენტრის პორტალზე (სადაც პასუხები იტვირთება) არ იყო ატვირთული ახალი პასუხი, როდესაც ქალბატონის შვილი დაგვიკავშირდა, მხოლოდ ძველი იყო იმ დროისთვის. გვყავს ახალი ოპერატორები, ვინაიდან ჩვენი თამაშრომლები – ძველი ოპერატორები ინფიცირებულები არიან და კარანტინში იმყოფებიან. სავარაუდოდ, უყურადღებობის გამო ოპერატორმა სატელეფონო კომუნიკაციისას ანალიზის ძველი პასუხი ნახა. ხოლო ფოსტაზე გაგზავნილ პასუხში, რა თქმა უნდა, ანალიზის პასუხის შესახებ სწორი ინფორმაცია ეწერა. ამდენად, ეს არა ლაბორატორიული, არამედ ადამიანური შეცდომა იყო – ოპერატორი თარიღს არ დააკვირდა. ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და კონტროლიც გავამკაცრეთ. ჩვენი ინტერესიცაა, მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდეს“,– განუცხადეს „აქცენტს“ კომპანიაში და დასძინეს, რომ მზად არიან, ოჯახთან შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ.

განახლება

„აქცენტი“ ესაუბრა განხილვადი პოსტის ავტორს, რომელმაც განმარტა, რომ ტესტის პასუხი ელექტრონულ მისამართზე მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დედის დაინფიცირების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან შეიტყო.

„მხოლოდ ამ ზარის შემდეგ გადმოგზავნეს ელექტრონულ მისამართზე 9 ნოემბრის ტესტის პასუხი 12-ში, მიუხედვად იმისა, რომ მანამდე რამდენჯერმე ვითხოვე. თავიდანვე რომ გადმოეგზავნათ, ოპერატორის შეცდომასაც მივხვდებოდი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S