"ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, გულშემატკივრები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე არ დაუშვეს"
13/11/2020 10:38:06 საზოგადოება
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის შოთა არველაძის განცხადებით, ვერ მოიწონებს და არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, გულშემატკივრები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე არ დაუშვეს.
"ამ შეხვედრას 2 წელი ველოდით და წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას", - წერს შოთი არველაძე სოციალურ ქსელში.
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.


