“როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში სასამართლო შეიძლება, გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნეოდეს, თუმცა საარჩევნო დავების გადასაჭრელად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს”

13-11-2020 12:57:42 თვალსაზრისი

ამერიკის ​შეერთებული შტატები იქნება თუ საქართველო, მხოლოდ კანონის უზენაესობის მიუკერძოებელად აღსრულებას შეუძლია დავის მოგვარება ისე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა შენარჩუნდეს.

შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი დემოკრატიაა, საქართველოს რესპუბლიკა – ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა. ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა ხომ დაახლოებით 30 წლის წინ აღდგა. თუმცა თბილისიც და ვაშინგტონიც ერთნაირი გამოწვევის წინაშე დგანან: ორივეს საქმე აქვს სერიოზულ გამოწვევასთან, რომელიც არჩევნების შედეგებს უკავშირდება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა.

არჩევნების ღამეს ორი მხარე ვირტუალურ ჩიხში აღმოჩნდა, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიამ გადამწყვეტი შედეგი იმ დღესვე ვერ წარმოადგინა. მომდევნო დღეებში, ელფოსტის საშუალებით მიცემული ხმების დათვლის შემდეგ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ხმების ჯამმა მოქმედი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპისას იმდენად გადააჭარბა, რომ მას კოლეგიის ხმების უმეტესობა დაუგროვდა. 2020 წლის 7 ნოემბერს მედიასაშუალებებმა ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნები არ დათმო და მის შტაბს სასამართლოში საჩივრები შეაქვს რამდენიმე შტატში მთელი რიგი დარღვევების, მათ შორის ხმების არასათანადოდ დათვლის ბრალდებით.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური შედეგი წარადგინა, რომელშიც მითითებულია, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, ხოლო უმსხვილესმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ - „ძალა ერთობაშია" – "ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 28%, ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიამ – 5% -ზე ნაკლები. ეს პროცენტული გადანაწილება პარლამენტში მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს. საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატი უნდა იყოს. მაჟორიტარების უმეტესობა მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება, რომელიც 2020 წლის 21 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურის შემდეგ, მაღალი ალბათობით, "ქართულ ოცნებას" მანდატების რაოდენობა გაეზრდება და სავარაუდოდ, მე–10 მოწვევის პარლამენტში იგი კოალიციური პარტნიორის საჭიროების გარეშე იქნება წარმოდგენილი.

როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში არჩევნების შედეგები სადავოა. საქართველოში ოპოზიცია ირწმუნება, რომ ასობით უბანზე ხმის მიცემა სერიოზული დარღვევებით, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვით, დაშინებით და მმართველი პარტიის მხარდასაჭერად სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებით განხორციელდა. ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე, საპარლამენტო მანდატებზე და ახალი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

შეერთებულ შტატებში კი ჯერ–ჯერობით არ იქნა მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ ხმის მიცემა არასათანადოდ განხორციელდა. დამკვირვებლებისა და მედიასაშუალებების უმეტესობა ხმის მიცემის არასათანადოდ განხორციელების თაობაზე გაჟღერებულ ბრალდებებს სკეპტიკურად ეკიდება. საქართველოში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დარღვევების ბრალდებით რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მიეწოდა, ზოგიერთს აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ზოგიერთს – არა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაიცვეს ოპოზიციის პროტესტის გამოხატვის უფლება და ამავდროულად აღნიშნეს, რომ ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებები 31 ოქტომბრის არჩევნებში დაცული იყო.

როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს შემთხვევაში გაურკვეველია, კიდეც რომ გადამოწმებულიყო საჩივრები, ექნებოდა თუ არა ამას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არჩევნების შედეგებზე. თუმცა საქმე ამაში არ არის. ორივე ქვეყანაში არსებობს კანონები და წესები (დადგენილი არჩევნების ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე), რომლებიც არჩევნების ჩატარებას არეგულირებენ. არსებობს ასევე სტანდარტები მტკიცებულებების. არსებობს სასამართლოები და გამჭვირვალე სასამართლო პროცედურები.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჩივრის განხილვას კანონის უზენაესობა წყვეტს. ამას შეიძლება, დრო და რესურსი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, სასამართლოები ასევე შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოები და ასეთი ბრალდებები ორივე ქვეყანაში არსებობს. თუმცა საბოლოოდ, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – მხოლოდ კანონის სამართლიან აღსრულებას შეუძლია, დაარწმუნოს მთელი საზოგადოება, მიიღოს არჩევნების შედეგები, აღადგინოს ნდობა და კვლავ გადართოს ყურადღება ქვეყნის მთლიან საჭიროებებზე. ეს ითქმის როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე საქართველოზე.

ავტორი: ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უკრაინის საკითხებში ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის საპატიო ექსპერტი კურტ უოლკერი​.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები