„თბილისი ენერჯი“: „დიღომი #7–8–9 აფეთქებას გადაურჩა“
12/11/2020 18:38:23 საზოგადოება
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით, თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა.
როგორც კომპანია განმარტავს, სამუშაოები აბონენტების ქსელზე გადართვის მიზნით ჩატარდა და საფრთხე მოქალაქეებს შეექმნათ.
"უკანონო სამუშაოების შედეგად, თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა, რამაც თავის მხრივ ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა", — აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გაზის მიწოდება აღნიშნულ უბნებში სასწრაფო წესით 2 000-მდე აბონენტს შეუწყდა და ამ დროისათვის ტექნიკური სამუშაოების წარმოებაა საჭირო, რათა გაზის მიწოდება გაზის მეურნეობაში მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად აღდგეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე სრულად მობილიზებულია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტთა ჯგუფი და გაზმომარაგების აღსადგენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გაზის ონკანი გადაკეტონ და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის შეტყობინებას დაელოდონ.


