რუსეთი ნავალნის გამო საფრანგეთისა და გერმანიისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
12/11/2020 14:48:33 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ საქნციებს შემოიღებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები სპეციალისტთა დასკვნების საფუძველზე თვლიან, რომ ნავალნი რუსეთში ქიმიური იარაღით -”ნოვჩოკის” ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა რუსეთის 6 მოქალაქის, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სერგეი კირიენკოს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბორტნიკოვისა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ საქნციები შემოიღო.
“რუსული სანქციები “სარკისებრი” იქნება. გერმანია და საფრანგეთი რუსი ჩინოსნების მიმართ ევროპული სანქციების ინიციატორები იყვნენ, ამდენად რუსული სანციებიც ამ ქვეყნების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მალე ამ ქვეყნებს ეცნობებათ, ვინ მოხვდა რუსულ სასანქციო სიაში” – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი ნავალნის მოწამლვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც გასულ კვირას რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, “რუსულ მხარეს აქვს ყველა საფუძველი, ივარაუდოს, რომ ნავალნი ან თვითმფრინავში მოწამლეს, ან გერმანიის ტერიტორიაზე”. რას ეფუძნება ეს ვარაუდო – მას არ დაუკონკრეტებია და არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, რომ ნავალნი კომაში ჯერ კიდევ გერმანიაში ტრანსპორტირებამდე ჩავარდა.
ამჟამად რუსი ოპოზიციონერი გერმანიის კლინიკა “შარიტედან” გაწერილია და ქვეყანაში სარეაილიტაციო კურსს გადის.


