Accentnews.ge
ბაიდენი: “ამერიკა თამაშში ბრუნდება»

ბაიდენი: “ამერიკა თამაშში ბრუნდება»

12/11/2020 14:25:18 მსოფლიო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ლიდერებთან მის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით. "მე ვეუბნები მათ: ამერიკა ბრუნდება. ჩვენ თამაშში ვბრუნდებით" – წერს ბაიდენი “ტვიტერში”.

ბაიდენი და მისი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ მისი საგარეო პოლიტიკის გამო, რომელმაც, მათი აზრით, მოკავშირეებთან ურთიერთობების გამწვავება განაპირობა და სტრატეგიის არარსებობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ბაიდენი ტრამპს კრემლისა და პირადად პრეზიდენტ პუტინისადმი ზედმეტ ლმობიერებაში ადანაშაულებდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში ბაიდენი წერდა, რომ გეგმავს, კვლავ აქციოს ამერიკა დემოკრატიული სამყაროს ლიდერად და მმართველობის პირველივე წელს ჩაატაროს მსოფლიო დემოკრატიების სამიტი, რომელზეც ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან მომავალი საფრთხე განიხილება.

მას შემდეგ, რაც 7 ნოემბერს ხმათა დათვლის წინასწარი შედეგების საფუძველზე ამერიკულმა მედიამ ბაიდენის გამარჯვების შესახებ დაწერა, მას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა მიულოცეს. თავად ბაიდენი ესაუბრა მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერს, ავსტრალიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბაიდენის გამარჯვება ჯერ არ უღიარებია. მისი გუნდი რიგ შტატებში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, ამტკიცებს რა, რომ იქ ადგილი ჰქონდა საარჩევნო დარღვევებს. ზოგიერთმა მსოფლიო ლიდერმა ბაიდენს ამ დრომდე არ მიულოცა. მაგალითად, მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჩივრების განხილვის დასრულებას დაელოდება. არ მიულოცია ბაიდენისთვის არც კრემლს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განმარტა, იგი გამარჯვებულად ოფიციალურად ჯერ თავად შტატებშიც არ გამოუცხადებიათ.

CNN-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი არ უწევს ბაიდენს არჩეული პრეზიდენტებისთვის ჩვეულ მხარდაჭერას მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობაში, ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით ფორმალურად არ აღიარებს მას არჩეულ პრეზიდენტად. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამასწინათ განაცხადა, რომ აშშ-ში ხელისუფლება “ტრამპის ახალ ადმინისტრაციას გადაეცემა", რითაც რიგი კომენტატორების კრიტიკა გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით პომპეომ დააზუსტა, რომ ხელისუფლების გადაცემა “კანონიერი გზით განხორციელდება, ვინც არ უნდა გამოცხადდეს გამარჯვებულად”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S