გამყრელიძე: „კოვიდ 19“-ის მართვისთვის საწოლფონდის რაოდენობა 8 400-მდე გაიზრდება“
12/11/2020 14:06:26 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით, 8 400 ერთეულს მიაღწევს.
„ძირითადი აქცენტი გახლავთ, რომ მსუბუქ შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს ბინაზე მკურნალობა და სტაციონარებში გვქონდეს ადგილები მათთვის, ვისაც ნამდვილად ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს ქვეყანაში მობილიზებულია 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ ერთი 5 700 საწოლი კოვიდ–სასტუმროებში. დამატებითი საწოლების მობილიზაციაც მიმდინარეობს. დაგეგმილია, რომ საწოლფონდი მომავალი ერთი თვის განმავლობაშ დაახლოებით, 8 400-მდე ავა. წესით, თუ კარგი ტრიაჟი იქნება, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს დღიურ მაჩვენებლებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნამატი 3 000–ს გასცდა.


